საქართველო ჩრდილოკავკასიელ ხალხებს საკუთარი უფლებების დაცვაში დაეხმარება. ამის თაობაზე პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა
კომიტეტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ „ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიაშია“ ნათქვამი.
სტრატეგიის თანახმად, ჩრდილოკავკასიაში არსებული საინფორმაციო ვაკუუმის ფონზე, საქართველოს აუცილებლად მიაჩნია ქართულ და ჩრდილოკავკასიურ საზოგადოებებს შორის ინფორმაციის გაცვლა.
საქართველო, ასევე, ჩრდილოკავკასიურ და ქართულ არასამთავრობო სექტორს შორის ურთიერთობების განვითარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
„მივესალმებით ჩრდილოკავკასიელი სტუდენტების სწავლას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და ვიზრუნებთ მათი რაოდენობის გაზრდაზე. სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის შესწავლის სპეციალური პროგრამების შექმნას“ – აღნიშნულია სტრატეგიაში.
დეპუტატები სტრატეგიის დოკუმენტს ხვალ სამეცნიერო წრეებს გააცნობენ.

















