უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება თუ არასაპატიო მიზეზით, 4 თვე პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ
მიიღებს.
აღნიშნულს პარლამენტის ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს, რომლის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში უკვე მოხდა.
„თუ პარლამენტის წევრი არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში გაარკვევს გაცდენის მიზეზს. თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, კომიტეტი შესაბამის დასკვნას მოამზადებს“ – ნათქვამია რეგლამენტის ახალ პროექტში.
პროექტის თანახმად, დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება - პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა და გარდაცვალების შემთხვევაში.
პარლამენტის წევრზე თავდასხმის შემთხვევაში, დაღუპულის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 15 000 ლარი გადაეცემა.
პროექტის თანახმად, დაღუპული პარლამენტის წევრი სახელმწიფოს ხარჯზე დაიკრძალება.
„პარლამენტის წევრს, რომელიც აღიარებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ან დასახიჩრდა, ერთჯერადი დახმარება ეძლევა 10 000 ლარის ოდენობით“ - ნათქვამია რეგლამენტის პროექტში.
გარდა ამისა, ახალი პარლამენტის დეპუტატებისთვის სავალდებულოა პარლამენტის ბიუჯეტიდან სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა.
პარლამენტის წევრი ვალდებულია ყოველწლიურად გაიაროს სამედიცინო და ნარკოლოგიური გამოკვლევა.
პარლამენტის ახალი რეგლამენტი 321 მუხლისგან შედგება.
რეგლამენტის ახალ პროექტზე მსჯელობას საკანონმდებლო ორგანო მომავალ სასესიო კვირაში დაიწყებს.

















