საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დაბალპროცენტიან მცირე კრედიტებზე ხელიმისაწვდომობა, მოსახლეობას მცირე საწარმოების გახსნაში შეუწყობს
ხელს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯეოკაპიტალის“ ფილიალის გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში კორუფცია აღმოიფხვრა და ბიზნესის წარმოება გართულებული ბიუროკრატიის გარეშეა შესაძლებელი.
„ასეთი ტიპის ორგანიზაციას, რომელიც ქუთაისში გაიხსნა, სწორედ გამარტივებული პირობები სჭირდება. ეს პატარა ორგანიზაციაა და მცირე კრედიტებს გასცემს, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ ქალაქში და ზოგადად, საქართველოში კეთდება“ - - აღნიშნა სააკაშვილმა.
ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ახალი პარლამენტის სამშენებლო სამუშაოების გაცნობისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოქარხნის დასახლება, არა მარტო ქუთაისში, არამედ მთელ საქართველოში მძიმე სოციალური მდგომარეობით გამოირჩეოდა.
„რა თქმა უნდა, ერთბაშად არაფერი გაკეთებულა, მაგრამ ასეთი დასაწყისი სტიმულია არა მხოლოდ დასაქმების თვალსაზრისით, არამედ ინფრასტუქტურისა და ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების მხრივაც“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა წყალტუბოში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ადგილი საქართველოს მთავარი კურორტი გახდება. მან ყურადღება აბასთუმნის, საირმისა და ახალციხის განვითარებაზეც გაამახვილა.
„ასევე, ბორჯომში კეთდება ძალიან ბევრი რამ. პარლამენტთან და აეროპორტთან ერთად, ქუთაისის გარშემო არა მარტო ადმინისტრაციული, არამედ საუკეთესო საკურორტო ცენტრიც იქმნება“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

















