ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპულ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციას მხარი დაუჭირა. ეს განცხადება ანდრიუს კუბილიუსმა დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა იქნება მას შემდეგ რაც ლიტვა ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა გახდება.
დავით ბაქრაძემ ლიტველ სტუმარს საქართველოში განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები გააცნო და შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლა მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ლიტვის პრემიერ-მინისტრს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ეს ქვეყანა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში საქართველოს უწევს.
შეხვედრაზე ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ლიტვა მზად არის საკუთარი გამოცდილება საქართველოს გაუზიაროს.
ლიტვის პრემიერ-მინისტრმა დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გამართა. ვიზიტის ფარგლებში იგი თავის ქართველ კოლეგას ნიკა გილაურსაც შეხვდა.

















