„სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ხვალ, შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვარდების მოედანზე სოლიდარობის აქციას გამართავს.
ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„სამწუხაროდ, საქართველოში შრომა დაფასებული არაა და არც მშრომელი ხალხისადმია სათანადო პატივისცემა. ყოველივე ეს არა მარტო ნაკლებ პრესტიჟულობაში გამოიხატება, არამედ უგულვებელყოფილია მშრომელი ხალხის ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური პირობებიც კი. მშრომელი ადამიანი დაზღვეული არაა უმიზეზოდ და დაუსაბუთებლად სამსახურიდან დათხოვნისგან. უმეტეს შემთხვევაში, დასაქმებული იღებს მიზერულ ანაზღაურებას. დაცული არაა უსაფრთხო შრომის პირობები და რაც მთავარი და ყველაზე მტკივნეულია, დაცული და გარანტირებული არაა შრომის უფლება, როგორც ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი უნივერსალური უფლება“ - ნათქვამია განცხადებაში.
„სოციალ-დემოკრატები“ შრომის უფლებების რეალიზაციით დაინტერესებულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს არსებული ვითარებისადმი პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეები ხვალვე, ვარდების მოედნიდან პროფკავშირების მანიფესტაციას შეუერთდებიან.

















