საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საკმაოდ ძლიერი პარტნიორია. ამის შესახებ ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ანდრონიუს კუბილიუსმა თავის ქართველ
კოლეგასთან ნიკა გილაურთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კუბილიუსმა აღნიშნა, რომ შორს არ არის ის დღე, როდესაც საქართველო ნატო-ს წევრი გახდება.
მას, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ჩიკაგოს სამიტზეც შენარჩუნდება ის სულისკვეთება, რომელიც წევრ ქვეყნებს ალიანსში საქართველოს წევრობასთან მიმართებაში აქვთ.
„ყველაფერს გავაკეთებთ პარტნიორების დასარწმუნებლად საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიზნით“ - განაცხადა ლიტვის პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველო აქტიური და ძლიერი მონაწილეა ავღანეთში სამშვიდობო მისიის განხორციელების პროცესში, რაც წევრებისთვის მნიშვნელოვანი არგუმენტია.
როგორც კუბილიუსმა განაცხადა, ის მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირის წევრობისადმი.
„2013 წლის მეორე ნახევრიდან ლიტვა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. იმედი გვაქვს, ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველო-ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის, ვიზების ლიბერალიზაციისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ დასასრულს მიუახლოვდება“-განაცხადა მან.
ლიტვის პრემიერმა საქართველოში გატარებულ წარმატებულ რეფორმებზეც ისაუბრა.
„ბევრი ვისწავლეთ საქართველოსგან თუ როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას ბიზნესგარემოს განვითარების, სამართალდამცავ სტრუქტურებში რეფორმების გატარებისა და კორუფციის აღმოფხვრის კუთხით. აუცილებელია ეს გამოცდილება არა მარტო მეზობელ, არამედ ევროპის ქვეყნებსაც გაუზიაროთ და შეძლოთ გლობალურ დონეზე ამ ქვეყნებისთვის კონკურენციის გაწევა“-აღნიშნა კუბილიუსმა.
მისივე განმარტებით, საქართველო ევროკავშირისთვის ყველაზე კარგად მომზადებული ქვეყანაა.
დღეს ლიტვისა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ლიტვის დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე მიიღებენ.
გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ, სტუმრები ყვარელში გაემგზავრებიან.

















