პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის 15 თვემდე გაზრდას ეთანხმებიან.
"სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება. კანონის აქამდე მოქმედი რედაქციით კი სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 12 თვე იყო.
ორი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, დღეს ოპოზიციონერი დეპუტატები დაინტერესდნენ გაიზრდება თუ არა ფინანსური ხარჯები 15–თვიან სამხედრო სავალდებულო სამსახურზე გადასვლის შემდეგ, რაზეც კანონპროექტზე მომხსენებელმა, დეპუტატმა კახა სუხიშვილმა განმარტა, რომ ეს დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს.
"ხარჯები არ გაიზრდება, 3 თვით მეტს იმსახურებენ და ციკლი გადაებმევა", – განმარტა კახა სუხიშვილმა.
ახალი კანონპროექტის განხილვა პარლამენტის უახლოეს სხდომაზე იგეგმება.

















