ოქტომბერში დაგეგმილი საპარალამეტნო არჩევნებისთვის პირველი სადამკვირვებლო მისია საქართველოს 11-16 ივნისს ეწვევა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტროს მიერ გაგზავნილ წერილებზე პირველი ოფიციალური გამოხმაურება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ოფისისგან მიიღეს.
მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაციებიდან დელეგაციის ჩამოსვლის ძირითადი მიზანი წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების მოსამზადებელი სამუშაოების დაკვირვებაა.
„უშუალოდ არჩევნების დღეს კი, ამ ორგანიზაციებიდან არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დამატებითი დელეგაცია ჩამოვა. მათ შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ, როგორც ადმინისტრაციის ისე საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს, ასევე პოლიტიკური პარტიის წევრებს გაესაუბრონ’’ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, 25 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის მიზნით, დამატებითი მოსაწვევები გაუგზავნა აშშ-ს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტებს.
„ჩვენ მზად ვართ, რომ დღეიდანვე მივიღოთ მისიები, რადგან საარჩევნო პროცესი დაწყებულია. შესაბამისად, სურვილი გვაქვს, რომ ზედამხედველობა უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელდეს’’ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

















