ტელეკომპანია "25 არხის" ჟურნალისტ თეონა თურმანიძეს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა ჯონი ბაკურიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ოპერატორს კადრების გადაღების საშუალება არ მისცა და კამერა წაართვა.
როგორც "ნიუსპრესის" აჭარის ბიუროს კორესპონდენტი იტყობინება, პოლიციის უფროსის აღშფოთება გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე მძღოლების დაჯარიმების პროცესის გადაღებამ გამოიწვია. ჯონი ბაკურიძემ ჟურნალისტი მას შემდეგ შეურაცხყო, რაც მან ოპერატორის დაცვა მოინდომა. თეონა თურმანიძემ ინცინდენტის შემდეგ ტელევიზიაში დარეკა და შველა ითხოვა. იგი აღელვებული იყო. თურმანიძე აცხადებს, რომ მას არა მარტო პროფესიული საქმიანობა შეუზღუდეს, არამედ პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენეს. ჯონი ბაკურიძის გარდა ჟურნალისტისთვის კამერის ძალით წართმევას საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომელი ცდილობდა. ჟურნალისტი პროკურატურისთვის მიმართვას აპირებს.

















