საქართველოს კონტროლის პალატამ პოლიტიკური პარტიის „განახლებული საქართველოსთვის“ წევრები 560 000 ლარით დააჯარიმა.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს, კონტროლის პალატამ პარტიის წევრებს საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ 27-ე და 34-ე მუხლების დარღვევაში დასდო ბრალი, რაც პარტიის ანგარიშზე განხორციელებული შემოწირულობების წარმომავლობის დაუსაბუთებლობას გულისხმობს.
„კონტროლის პალატამ ძალაში დატოვა მათ მიერ სამართალდარღვევად მიჩნეული ფაქტი - ჩვენს მიერ პარტიის ანგარიშზე შემოწირულობების განხორციელების შესახებ, რის შედეგადაც ჩვენ სამართალდამრღვევებად გვცნეს. ქალბატონმა მოგელაძემ ჩვენი არგუმენტები არ მიიღო მტკიცებულებად და ძალაში წინასწარ მოფიქრებული და განზრახული მტკიცებულება დატოვა თითქოს და ვერ ვასაბუთებდით ჩვენს მიერ პარტიის სასარგებლოდ შემოწირული თანხის წარმომავლობას“ - განაცხადა პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსმა ლაშა გვასალიამ.
კონტროლის პალატაში ადმინისტრაციული სამართალწარმოება 27 აპრილს იმ პირების მიმართ დაინიშნა, რომლებმაც პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მიმართ შემოწირულობები განახორციელეს. ეს პირები პარტიის წევრები - ლევან გვარმიანი, მამუკა ჯოლია, ლაშა გვასალია, გიორგი ოძელი, მარლენ ხუცურაული, ბესიკ მამულაშვილი არიან.
პარტიის ინფორმაციით, შემოწირულობები 2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის აპრილამდე პერიოდში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე, 25/1-ე, და 26-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა.
2012 წლის 25 აპრილის ხსენებული პირები კონტროლის პალატაში დაიბარეს, სადაც მათ მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
„მას შემდეგ რაც ზემოაღნიშნული პირები კონტროლის პალატიდან გამოუშვეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი მათ დაუსწრებლად შეადგინეს, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს. ეს ყოველივე არის პოლიტიკური ზეწოლა, რასაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს“ - აცხადებენ „განახლებულ საქართველოში“.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, პარტიის წევრები უახლოეს პერიოდში საქართველოს კონტროლის პალატის დადგენილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

















