პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე დღეს ჩოხატაურის რაიონში იმყოფებოდა.
როგორც მან ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გლეხები ე.წ. პრეზიდენტის ტრაქტორებით რეალურად ვერ სარგებლობენ.
მისი თქმით, გლეხებს ტრაქტორებით სარგებლობის რიგი საუკეთესო შემთხვევაში ივნის-ივლისში მოუწევთ.
„ტრაქტორების რაოდენობა იმდენად შეზღუდულია, ხოლო მასზე მოთხოვნა იმდენად დიდი, რომ გლეხებს ტრაქტორით სარგებლობის რიგი საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ივნის-ივლისის პერიოდში თუ მოუწევთ. მაშინ, როცა მიწა უკვე დიდი ხნის დამუშავებული უნდა იყოს და ტრატორის საჭიროება პრაქტიკულად აღარ არის“ - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე კი, დღეს შინდისელებს შეხვდა.
მისი თქმით, კონფლიქტური ზონისა და ახლომდებარე სოფლებისთვის ყველა ის პრობლემა, რაც დანარჩენი საქართველოს სოფლებისთვის არის დამახასიათებელი, გაორმაგებულია.
„უსახსრობის გამო, სათანადოდ ვერ უვლიან ბაღებს. მათთვის 30–ლარიანი ვაუჩერი მინიმალურადაც კი ვერ წყვეტს პრობლემას. სოფლებში პრობლემას წარმოადგენს ასევე, სარწყავი და სასმელი წყალიც. ამ ზონის სოფლებს სერიოზულ პრობლემად მოწეული მოსავლის რეალიზაციაც ექცა“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძე.
„მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია აბაშის რაიონში იმყოფებოდა. როგორც მან მოსახლეობასთან შეხვედის შემდეგ აღნიშნა, ადგილობრივებმა საწვავის, სასუქის, შხამ-ქიმიკატის სიძვირის საკითხი დააყენეს.
„პრაქტიკულად დასაქმების პერსპექტივადაკარგული ადამიანები უმწეოს სტატუსის მინიჭებას ელიან, რათა თავი გაიტანონ. ადგილობრივები თავიანთი შესაძლებლობის რეალიზაციას ვერ ახდენენ და ხელისუფლებისგან სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ითხოვენ“ - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

















