სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ხვალ ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა ჩატარდება.
როგორც „ნიუსპრესს“ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, პირველი სესიისთვის რეგისტრაცია 08:30 საათზე, გამოცდა კი, 09:00 საათზე დაიწყება.
ინგლისური ენისა და კომპიუტერის გამოცდაში მონაწილე კანდიდატს ინგლისურ ენაზე კითხვის უნარი საშუალოზე დაბალ დონეზე (pre-intermediate level) ფლობა მოეთხოვება, რომელიც ევროსაბჭოს მიერ დადგენილი უცხოური ენების ცოდნის A2 + დონეს და კემბრიჯის უნივერსიტეტის KET (Key English Test) გამოცდის დონეს შეესაბამება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოცდის მიზანი პედაგოგის პროფესიული განვითარებისა და სწავლებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიების შემოწმებაა.
საგამოცდო ტესტის დავალებები ისეა აგებული, რომ ერთდროულად მოწმდება როგორც ინგლისურის, ისე კომპიუტერის ცოდნა. კანდიდატი გამოცდას კომპიუტერის საშუალებით ჩააბარებს.
ტესტის მაქსიმალური ქულაა 28. გამსვლელი ქულა კი, 20 ან მეტი -70%. ტესტირება 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებულ გამოცდას მხოლოდ სერტიფიცირებული პედაგოგები აბარებენ. გამოცდა წელს მეორედ ტარდება და მასში მონაწილეობის სურვილი 2 000-ზე მეტმა პედაგოგმა გამოთქვა.
ამასთან, 29 აპრილს საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგები გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში პირველად ჩააბარებენ. გამოცდისთვის რეგისტრაცია 09:00 საათზე, ხოლო გამოცდა 10:00 საათზე დაიწყება.
გამოცდა აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსსა და ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდება. მასში მონაწილეობას 300-ზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი მიიღებს.
გამოცდების მიმდინარეობას განათლების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი დაესწრებიან.

















