„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სამეგრელოს ტერიტორიაზე უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების ფორმირების შესახებ განცხადებები შეგნებულად გააკეთა.
ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ალასანია ბიძინა ივანიშვილის მსგავსად პოლიტიკაში ახალი მოსული იყოს, ვიფიქრებდი, რომ ვერ გათვალა, მაგრამ მისი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი“ - განაცხადა ჩახვაძემ.
მისი თქმით, განსაკუთრებით მიუღებელია ასეთი განცხადება სამეგრელოსთან, როგორც კონფლიქტისპირა რეგიონთან მიმართებით.
ჩახვაძე მიიჩნევს, რომ უკანონო შეიარაღებული ფორმირების არსებობის შესახებ ალასანიამ განცხადება შეგნებულად გააკეთა, რითიც რუსეთმა ისარგებლა.
გასულ თვეს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ სამეგრელოში შეიარაღებული ფორმირებები ყალიბდება, რომლის გამოყენებასაც ხელისუფლება არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გეგმავს.

















