საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საერთაშორისო შემოქმედთა ოლიმპიადაზე „ჩაღლარი“, განათლების სფეროში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს განათლების სისტემა მთელს რეგიონში გამორჩეულია. ამის მიზეზი ბოლო წლებში განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმებია.
„მოვახერხეთ ის, რაც პრობლემად რჩება პოსტსაბჭოთა სივრცეში - განათლების სისტემაში კორუფცია გადავლახეთ. კორუფცია ნიშნავდა, უთანასწორობას განათლების სისტემაში და კლასობრივ გრადაციას, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. საქართველოში უნივერსიტეტში ჩაბარება სამართლიანად ხდება“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი განცხადებით, განათლების სისტემაში საშუალო სკოლებში ახალი ტექნოლოგიები დაინერგა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რამდენიმე წელიწადში, დაახლოებით 2015 წლისთვის განათლების მოდერნიზაციის პროგრამის შედეგად, ახალგაზრდების 90% ინგლისურენოვანი იქნება.
„ჩაღლარის“ ოლიმპიადაში 31 ქვეყნის, 177 დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.

















