პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სტამბოლის ბაჰჩე შეჰირის უნივერსიტეტის პოლიტიკურ სკოლაში ლექციებს წაიკითხავს.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს დავით ბაქრაძის, უნივერსიტეტის რექტორის შენაი იალჩინისა და დამფუძნებელის ენვერ იუჯელის შეხვედრაზე მიიღეს.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ლექციებს საპატიო დოქტორანტის რანგში წაიკითხავს.
ბაქრაძემ სტუმრებისგან უნივერსიტეტის სამომავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტებთან დაკავშირებით სხვადასხვა პროექტის განხორციელება იგეგმება, კერძოდ, უნივერსიტეტი საქართველოდან ჩასულ სტუდენტებს 50%-იან ფასდაკლებას, ხოლო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს - უფასო სწავლას სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ ბაჰჩე შეჰირის უნივერსიტეტი თურქეთის დიდი უნივერსიტეტების სამეულშია, მასში 70 კოლეჯია გაერთიანებული და 150 000 სტუდენტი სწავლობს.

















