პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი თინა ხიდაშელი პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული
საქართველოს” რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემების შექმნას არ გამორიცხავს.
როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის, როგორც იურისტისთვის არ არსებობს კითხვა, თუ რატომ შეიძლება იუსტიციის სამინისტრომ პარტია არ დაარეგისტრიროს.
,,ამ ხელისუფლების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, მაგრამ მე მაინც ოპტიმისტი ვარ და არ მინდა წარმოვიდგონო, რომ ასეთ აბსურდში ჩავარდებიან. მგონია, რომ ხელისუფლება ასეთ კოზირს არ მოგვცემს და იმ შეცდომას არ გაიმეორებს, რაც მოქალაქეობის დროს დაუშვა“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ამასთან, იგი პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ მანანა კობახიძის არჩევას მიესალმება.
ხიდაშელის განცხადებით, ის და მანანა კობახიძე ერთიდაიგივე წარსულიდან მოდიან, რადგან ორივე უფლებადაცვით საქმიანობას ეწეოდნენ.
,,როცა ადამიანებს იცავ, აუცილებლად პოლიტიკაში ხარ. იმიტომ, რომ ადამიანის უფლება მხოლოდ სახელმწიფომ შეიძლება დაარღვიოს. „რესპუბლიკურ პარტიაში“ გაწევრიანებამდე არც მე მქონდა პოლიტიკოსის გამოცდილება. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელმა, ასევე აღნიშნა, რომ კოალიცია აუცილებლად გამართავს დემონსტრაციებსა და მიტინგებს.
,,არ ვიცი როდის და რომელ ქალაქში იქნება ეს, თუმცა, აუცილებლად იქნება. ეს აუცილებელი პროცესია“ - განაცხადა ხიდაშელმა.

















