პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური ნორმა არაკონსტიტუციურად ცნოს.
"კონსტიტუციური ნორმა არ შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური. ამის შესახებ დავა აბსურდია", – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება, საპრეზიდენტო არჩევნები კი 2013 წლის ოქტომბერში.
"კონსტიტუციით პირდაპირ არის განსაზღვული, რომ არჩევნები ტარდება ოქტომბერში. ეს კონსტიტუციით მანამ იყო განსაზღვრული, სანამ ამ მოწვევის პარლამენტს აირჩევდნენ. შესაბამისად, ამ ნორმის ვერანაირი ანტიკონსტიტუციურობა ვერ დამტკიცდება, რადგან თვითონ ეს ნორმა არის კონსტიტუციური", – განაცხადა კუბლაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი თაობა - ახალი ინიციატივა"" აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართოს, რათა საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის შემოდგომის ნაცვლად მაისში ჩატარდეს. 2006 წლის 27 დეკემბერს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად კი, პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა ნიშნავს.

















