საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ და აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 24 აპრილს გალში დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების
მექანიზმის (IPRM) შეხვედრის ჩაშლის შესახებ ისაუბრეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე სერგი კაპანძემ აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის არაკონსტრუქციული პოზიციის შედეგად გალში დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლის გამო შეშფოთება გამოთქვა. სერგი კაპანაძემ IPRM-ის სრულყოფილად ფუნქციონირების მნიშვნელობას და ამ მექანიზმში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუფერხებლად მონაწილეობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
მანამდე სერგი კაპანაძე აღნიშნულ თემაზე ევროკავშირის ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა.
აშშ-ს ელჩმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე მიმდინარე წლის განმავლობაში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრების გამართვის განრიგიც განიხილეს.
ქართული დელეგაცია გალში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების 36-ე შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა. მაგრამ 24 აპრილს დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.

















