საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მზადაა სურვილის შემთხვევაში, რუსებს პოლიციის რეფორმირებაში დაეხმაროს.
ამის შესახებ მერაბიშვილმა სამთავრობო საათზე განაცხადა და რუსეთში პოლიციის რეფორმირმასთან დაკავშირებით პრეზიდენტ მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა.
„რუსეთის მაღალჩინოსნების მიერ არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ საჭიროა შუშის გამჭირვალე შენობები იქაც აშენდეს. სხვათაშორის, დღეს ბატონი მედვედევი საქართველოს პოლიციის რეფორმას გამოეხმაურა და დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი ისეთ რეფორმებს, როგორსაც პატარა ქვეყნები ატარებენ, ვერ გაატარებს. კითხვაზე - თქვენ საქართველოს გულისხმოთ? მას უფროსის დავალება გაახსენდა, რომ საქართველოზე პოზიტიურად არ უნდა ისაუბროს და განაცხადა, რომ „ეს მე არ მითქვამს, თქვენ თქვითო“ - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
შს მინისტრმა პოლიციის შუშის შენობების ექსპორტის განხორციელებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მინიმუმ 5 ქვეყანაში იგეგმება.
მინისტრის ცნობით, უკვე არის შეთანხმება ლიტვის მერიასა და თბილისის მერიას შორის, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, რომ ლიტვაში შერჩეულ ადგილას გაკეთდეს თბილისის სკვერი, სადაც ქართული პოლიციის გამჭვირვალე შენობა დაიდგმევა.
"ეს იქნება ქართული რეფორმის პირველი ექსპორტი, ქართული პოლიციის შენობის ანალოგი დაიდგმება ლიტვაში" – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

















