მოძრაობა „თეთრების“ ლიდერს თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფცია ყვავის.
მისი თქმით, პრეზიდენტი და ხელისუფლება ამკვიდრებენ აზრს, რომ კორუფცია დაამარცხეს და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა.
„კონკრეტული ადამიანი დღეს ოფიციალურად გადასახადების სახით იმაზე გაცილებით მეტს იხდის, რასაც ადრე ქრთამის სახით აძლევდა მოძრაობის წესების დარღვევის, პასპორტის მიღების, სამედიცინო მომსახურების, განათლების მიღების, სხვადასხვა სახის ცნობის აღების დროს“- განაცხდა შაშიაშვილმა.
მისივე თქმით, ვინც საქართველოში ან მის გარეთ აცხადებს, რომ ქვეყანაში კორუფცია დამარცხდა, თავს იტყუებს, ან თვითონ არის კორუფციის მონაწილე და ამის გამართლებას ცდილობს.
„თუ ხარ პრეზიდენტის, მისი ოჯახის, მისი უახლოესი გარემოცვის ახლობელი და მოძებნილი გაქვს მათთან საერთო ენა – ხარ ხელისუფლებაშიც, ბიზნესშიც და გაქვს ფულის შოვნის ყველა პირობა და ყველა უფლება“- განაცხადა შაშიაშვილმა.

















