შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიტიკოსებს ურჩევს მოზომილი საჯარო განცხადებები აკეთონ.
“ერთი რამე ფაქტია, ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, განსაკუთრებით კი, ოპოზიციის მხრიდან, ხელს უწყობს ჩვენს მტრებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ აქტიური ომი გააჩაღონ. ბატონი ალასანიას განცხადება საბაბად იქნა გამოყენებული, რომ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი აფხაზეთის ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. მგონია, რომ ნებისმიერი საჯარო განცხადება მოზომილი უნდა იყოს, რათა ზიანი არ მიადგეს იმ საერთო საქმეს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ”- აღნიშნა შს მინისტრმა.
სამთავრობო საათის ფარგლებში, ოპოზიციის მიერ მინისტრისადმი გაგზავნილ შეკითხვაში საუბარი იყო ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ ცნობილ განცხადებაზე. ფრაქცია მერაბიშვილისგან ამ ვრცელი განცხადების განმარტებას ითხოვდა.

















