საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა საქართველოს ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ, ხელისუფლებიდან წავიდეს.
„მზად ვარ მოვაწერო ხელი ხელშეკრულებას, რომ ჩემი ხელისუფლებიდან წასვლას საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე ვცვლი“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს.
„ის რომ რუსეთის დღევანდელ მთავრობას ქართველი ხალხი უყვარს, ამ ტყუილის კბილი ჩვენმა ხალხმა უკვე დიდი ხანია მოიცვალა, მაგრამ დღეს მათ თვითონ აღიარეს, თუ რატომ უნდათ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა - საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ, საქართველო წარმატებული რეფორმების ქვეყნად აქცია“- განაცხდა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, საქართველომ ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომელიც რუსეთის დღევანდელი მთავრობის ხელმძღვანელებისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა.
სააკაშვილის განცხადებით, რუსეთს საქართველოს მთავრობის შეცვლა იმის გამო უნდა, რომ მოიყვანონ ისეთი ძალა, რომელიც მათ საქართველოს ტერიოტრიების დაკანონებას ჰპირდება.
„ჩემი პასუხი არის ძალიან მარტივი - თუ ისინი მზად არიან საქართველოს დაუბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლი და გაიყვანონ თავისი ჯარები, იქნება ეს ბატონი მედვედევი, თუ რუსეთის რეალური მმართველი, მზად ვარ, სადაც უნდათ ჩავფრინდე და მოვაწერო ხელი ხელშეკრულებას, რომ ვცვლი ჩემი ხელისუფლებიდან წასვლას საქართველო ტერიტორიების დაბრუნებაზე“- აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ამ ხელშეკრულებას დღესვე მოაწერს ხელს, თუ რუსეთი მზად იქნება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი საქართველოს დაუბრუნოს.
„დამატებით, მზად ვარ მოვიჭრა და გავუგზავნო მათ ჩემი სხეულის ის ნაწილები, რომლის მიმართაც არაერთხელ გამოხატეს ინტერესი. ამას ვამბობ ყოველგვარი ირონიის გარეშე“- განაცხადა პრეზიდენტმა, რომელიც დღეს რუსთავში იმყოფებოდა.

















