სამწუხაროა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მისთვის შეუფერებელი ლექსიკით საუბრობს და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე კვლავ ხისტი პოზიცია აქვს.
აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, დიმიტრი მედვედევის მიერ დღეს საქართველოსა და მისი ხელისუფლების მისამართით გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ გააკეთა.
მისივე განმარტებით, საქართველომ ცალმხრივად უკვე გადადგა რუსეთის მიმართ პოზიტიური ნაბიჯი, რაც სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატა. ახლა კი, ჯერი რუსეთზეა.
,,რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი ქმედებებით ზიანს მხოლოდ საკუთარ ხალხს აყენებს და ეს მათ შედეგს არასდროს მოუტანს . ამასთან უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველოს არასდროს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც მათთან საკუთარი სუვერენიტეტისა და ინტერესების ხარჯზე იურთიერთობებს“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მედვედევმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფალი ეყოლება და რუსეთი მასთან ითანამშრომლებს.
„დარწმუნებული ვარ მთელ ჩვენს ხალხს არანაირი ანტიპათია არ აქვს საქართველოს მიმართ. პირიქით, საქართველო ჩვენთვის ახლობელი ქვეყანაა, ქართველი ხალხი ახლობელი და ძვირფასი ხალხია ჩვენთვის. სხვათაშორის, საქართველოში ცალკეული პოლიტიკანების განცხადებების მიუხედავად, ჩვენ არაერთხელ გადაგვირჩენია ის. სააკაშვილი ცარიელი ადგილია, ნულია. ის ადრე თუ გვიან წავა საქართველოს პოლიტიკური ისტორიიდან“ - განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოში ნებისმიერ ახალ ლიდერთან თანამშრომლობისა და დიპლომატიური ურთიერთოებების აღდგენისთვის.

















