პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ სპეციალურ პროგრამას შეიმუშავებს. ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალი პროგრამა მოხალისეების შეკრებას და სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილებას გულისხმობს.
„ხშირად ხდება ისე, როცა იმ ტერიტორიის საარჩევნო უბნიდან, სადაც 100 კაცი ცხოვრობს, ხელისუფლებას 2 ათასი ხმა მიაქვს. სწორედ ასეთ უბნებს გავაძლიერებთ მოხალისეებით“ - აღნიშნა ძიძიგურმა.
იგი ერთ-ერთ მსგავსი სირთულის რეგიონად ქვემო ქართლს ასახელებს და წინასაარჩევნოდ იქ წასვლას თავად გეგმავს.
ძიძიგურის განცხადებით, ქვემო ქართლიდან და ჯავახეთიდან ხელისუფლებას არჩევნების შემდეგ, დიდი რაოდენობით ხმები მიჰქონდა, თუმცა, ამჯერად ამას ვერ მოახერხებენ.
მისივე თქმით, რეგიონებში ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით კოალიციაში მსჯელობა ყოველ დღე მიმდინარეობს.
„მე მივდივარ ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად ქვემო ქართლში, თუმცა, ჯერ წინასაარჩევნო პროცესები არ დაწყებულა და შესაძლოა, რამე შეიცვალოს“ - აღნიშნა ძიძიგურმა.

















