„ქართული დასის“ ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პარლამენტში დღევანდელ სამთავრობო საათზე, სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფარვასთან დაკავშირებით საკანომდებლო ინიციატივას წარადგენს.
ამის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ დღეს სტუდენტების მიერ, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტი სასწავლო დაწესებულებებში უფასო სექტორის აღდგენასაც ითვალისწინებს.
„ვიმედოვნებ სტუდენტებთან შემდგომი თანამშრომლობით უკეთეს შედეგს მივაღწევთ, რათა ახალგაზრდებს განათლების მიღების საშუალება ჰქონდეთ“- განაცხადა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, 10 ათას სტუდენტს, სტუდენტის სტატუსი იმის გამო აქვს შეჩერებული,რომ სწავლის მაღალი საფასური ვერ გადაიხადეს.
„ეს არის მონოპოლიური გაერთიანების კორუფციის შედეგი,მათ შორისაა, 2 მონოპოლია - ერთია პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას მეთაურობით, მეორე კი - კახა ბენდუქიძის ხელმძღვანელობით. ამან იმდენად სპეკულაციურად გაზარდა ფასები, რომ სტუდენტებმა გადახდა ვეღარ შეძლეს“- აღნიშნა მან.
ბაღათურიას თქმით, სტუდენტების სწავლის საფასური პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან უნდა დაიფაროს, ამისთვის კი, დაახლოებით 14 მილიონამდეა საჭირო.
სტუდენტებმა პარლამენტის შენობასთან სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსსეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენა და სწავლის საფასურის შემცირება მოითხოვეს.
სტუდენტებმა აქციაზე აღნიშნეს,რომ სამი დღის წინ განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინს საკუთარი პრობლემები გააცნეს, თუმცა, შეხვედრას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

















