ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო თანათავმჯდომარეები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, გალში 24 აპრილს დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
ამის შესახებ მათ ერთობლივ განცხადებშია ნათქვამი.
ეუთოს-ს, გაერო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მომხდარმა პრეცედენტმა შესაძლოა, ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედოს და განსაკუთრებით, ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხი დააზარალოს.
თანთავმჯდომარეები პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებენ, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მექანიზმებისა და პროცედურების შენარჩუნება უზრუნველყონ. თავის მხრივ, ისინი პირობას დებენ, რომ მომავალში ოპერაციების უწყვეტ რეჟიმში წარმართვისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
თანათავმჯდომარეები მხარეებს შეახსენებენ, რომ 2009 წელს ჟენევის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შესახებ მიღწეული შეთანხმება ადგილზე უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდა.
ქართული დელეგაცია გალში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების 36-ე შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა. მაგრამ 24 აპრილს დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.

















