ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი დღეს თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ამერიკის საელჩოდან აცნობეს, მემორანდუმი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მხარდაჭერას გულისხმობს.
აღნიშნული მემორანდუმით ამერიკის მთავრობა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის ეფექტურობის გაზრდას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობასა და მოქალაქეთა მონაწილეობას არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში. მემორანდუმი ასევე, მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლებების მინიჭებასა და საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებას გულისხმობს.
პროექტს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკის მთავრობა საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებულ პროექტებში 20 მლნ აშშ დოლარით დაეხმარა.

















