ადგილობრივი ეკონომიკური განვითრების მეექვსე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში დღეს, სასტუმრო „რედისონში“ თემატური სესიები გაიმართება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიების მსვლელობისას მერიის სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები უცხოელ კოლეგებსა და სტუმრებს საკუთარი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენენ და თბილისში განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელებენ.
სესიებზე ყურადღება შემდეგ თემებზე გამახვილდება - „ახალჩამოსულთა აქტიური ინტეგრაცია ქალაქის ცხოვრებაში“, „ბიზნესის მოზიდვა ქალაქში“, „გამჭვირვალე ფინანსური მართვის უზრუნველყოფა“, „პროგრამული ბიუჯეტი - კავშირი ფინანსურ და სტრატეგიულ დაგეგმვას შორის“ და სხვა.
თემას „ქალაქი - მთავარი საერთაშორისო ღონისძიებების ცენტრი“, თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე იონათამიშვილი წარადგენს.
დღეს დღის ბოლოს, ფორუმს დებატები შეაჯამებს სახელწოდებით „მომავლის ქალაქები“. დებატებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ჩაერთვება.
ფორუმში 20-ზე მეტი ქვეყნის 80-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.
ფორუმს კაიროს, ჯუბას, ნაირობისა და ვილნიუსის მერები ესწრებიან.
გუშინ თბილისსა და კაიროს შორის დაძმობილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა გიგი უგულავამ და კაიროს მერმა აბდელ კავი ხალიფამ მოაწერეს.

















