საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის” დღეს სამთავრობო საათზე მიწვეულ 5 მინისტრს 26 შეკითხვას დაუსვამს.
ყველაზე მეტ კითხვაზე პასუხის გაცემა იუსტიციისა და განათლების მინისტრებს მოუწევთ.
იუსტიციის მინისტრს დეპუტატები შეკითხვებს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე, ბანკ „ქართუს“-სთვის მიყენებულ მატერიალური ზიანზე და „ცენტრ პოინტზე“ დაუსვამენ.
შინაგან საქმეთა მინისტრთან ოპოზიციას შეკითხვები აქვს ფეთჰულაჰ გულენის, კომპანია „ჩაღლარის“, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრთა ფინანსური ურთიერთობების შესახებ.
ვანო მერაბიშვილს პასუხის გაცემა მოუწევს იმაზეც, ფლობს თუ არა ინფორმაციას ფეთჰულაჰ გულენის წარსულისა და აწმყოს შესახებ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს კითხვებს მძიმე და უკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულებზე დაუსვამენ.
53-ე სკოლის მოსწავლის მიხეილ ალექსიძის გარიცხვის საკითხზე მოუწევს საუბარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ოპოზიცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ თურქეთის სახელმწიფოსთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის გაცნობას მოსთხოვს.
სამთავრობო საათი, რომელიც ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრების მოთხოვნით იმართება, დღეს 17.00 საათზე დაიწყება.

















