საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” წევრს ლევან ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ პარლამენტის სხდომაზე მიუღებელია ისეთი თემების წამოწევა, რომელიც
ქვეყანაში შფოთსა და დაძაბულობას შექმნის.
“თუ ამ თემასთან დაკავშირებით პარლამენტში სიტუაციას გავამწვავებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამწვავება პარლამენტის კედლებში არ დარჩება და შეიძლება საქართველოს დანარჩენ რეგიონებში გაგრძელდეს. ერთი რამ კარგად უნდა გვესმოდეს, ეს თემა მხოლოდ ორ დეპუტატს არ შეხებია, აზერბაიჯანელი და სომეხი დეპუტატების მხრიდან ერთმანეთის მიმართ ძალიან მკვეთრი განცხადებები გაკეთდა. შესაბამისად, თუ ეს საკითხი პარლამენტის შენობას გასცდა, ქვეყანას ვეღარ ავარიდებთ იმას, რასაც 90-იანი წლების დასაწყისში ავცდით” - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ლევან ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტმა საქართველოში მცხოვრები ნახევარ მილიონამდე აზერბაიჯანელისა და 350 ათასამდე სომეხის მშვიდობიანად ცხოვრებას ხელი არ უნდა შეუშალოს, სიტუაცია არ უნდა დაძაბოს და ხალხი ერთმანეთს არ უნდა გადაჰკიდოს.
„ერთმანეთის გაკიცხვა ნაციონალური ნიშნით, წარმომავლობით და ასე შემდეგ დაუშვებელია. ჩვენ ყველა საქართველოს მოქალაქეები ვართ“ – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
საქართველოს პარლამენტში გუშინ ჯონდი ბაღათურიასა და აზერ სულეიმანოვს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ერთმანეთს დეპუტატები არმენაკ ბაიანდურიანი და აზერ სულეიმანოვი შეეკამეთნენ.

















