საპარლამენტო ოპოზიცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან 53-ე სკოლის მოსწავლის მიხეილ ალექსიძის გარიცხვის საკითხის გარკვევას შეეცდება.
დიმიტრი შაშკინის მისამართით ოპოზიციას ასეთი შეკითხვა აქვს - სახალხო დამცველის ანგარიშით, 53-ე სკოლის მოსწავლის მიხეილ ალექსიძის გარიცხვით მისი უფლებები დაირღვა. ეთანხმებით თუ არა სახალხო დამცველის ამ ანგარიშს და მიღებულია თუ არა ზომები 53-ე სკოლის დირექტორის წინააღმდეგ და მისი უკანონო გადაწყვეტილების გამოსასწორებლად?
განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ამ შეკითხვის გარდა სხვა შეკითხვებზეც მოუწევს პასუხის გაცემა. კერძოდ, რა ნიშნით შეირჩა საზაფხულო დასაქმების პროგრამით 25 000 სტუდენტი და ხომ არ ჯობდა ამ სტუდენტების შერჩევა მომხდარიყო სოციალურად დაუცველი, დევნილი და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ოჯახებიდან.
ოპოზიციას ასევე აინტერესებს ეთანხმება თუ არა განათლების მინისტრი „ქართული დასის“ პროექტს, რომლის მიხედვითაც 10 000 სტუდენტის, რომლებსაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ, სწავლის საფასური სახელმწიფო ბიუჯეტმა აუნაზღაუროს.
სამთავრობო საათზე ხვალ 5 მინისტრია დაბარებული. კერძოდ, შს მინისტრი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, განათლების მინისტრი, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი და იუსტიციის მინისტრი.
სამთავრობო საათი, რომელიც ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ინიციატივით იმართება, 17.00 საათზე გაიმართება.

















