პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას განცხადება ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხზე წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული ქმედება იყო. ამის შესახებ
ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„პროვოკაცია იყო, როდესაც მან საქართველოს პარლამენტის დადგენილებას ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით, ერთდღიანი და სამასხარაო პიარ-აქცია უწოდა და აღნიშნა, რომ თურმე ჩერქეზთა გენოციდს თავად ჩერქეზი ხალხის დიდი ნაწილი არ აღიარებს"- ნათქვამია განცხადებში.
ავტორთა განმარტებით, პარლამენტის გადაწყვეტილება კომპლექსურ და კვალიფიციურ კვლევაზეა დაფუძნებული, ხოლო, რაც შეეხება ჩერქეზი ხალხის პოზიციას გენოციდის თაობაზე, ამ საკითხში მთელი ერი ერთსულოვანია.
„მოვუწოდებთ ბაღათურიას მსგავსი უკეთური ხერხებით ქართულ-ჩერქეზული ურთიერთობების გაფუჭებას ნუ ეცდება“ - განაცხადეს ცენტრში.
ბაღათურიამ გუშინ პარლამენტში განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან ჩერქეზთა გენოციდის აღიარება ერთდღიანი პიარაქცია იყო.
„გუშინ აქ იყვნენ ჩვენი თანამოქალაქე სომხები - თბილისელები და რეგიონებიდან ჩამოსულები, რომლებმაც პარლამენტისგან სომეხთა გენოციდის აღიარება და ჩვენი მხარდაჭერა მოითხოვეს. ხომ გეუბნებოდით, როცა ჩერქეზთა გენოციდის აღიარების ერთდღიან სამასხარაო პიარ-აქციას აწყობდით, რომ არ გაგეკეთებინათ ეს, რადგან ხვალ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, სომხები მოვლენ და მათთვის სათქმელი არ გვექნებათქო” – განაცხადა ბაღათურიამ.

















