სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ კომპიუტერში არსებულ მასალაზე
კიბერ-შეტევა განხორციელდა. ამის შესახებ განცხადებას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე განმარტებით, კიბერ-შეტევის შედეგად, კომპიუტერში შენახული საოჯახო ვიდეო-არქივდან 1998 წლის 14 სექტემბერს გადაღებული მასალა მოიპარეს და ის დამონტაჟებული სახით ძალოვანი სტრუქტურების მიერ კონტროლირებადი ერთ-ერთი ინტერნეტ-ტელევიზიის მეშვეობით გაავრცელეს.
„ეს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობაა. ასეთი საქციელით მიხეილ სააკშვილის ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისთვის ოჯახი და პირადი ცხოვრება არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს და ის ყველაფრის მკადრებელია“ - აცხადებენ კოალიციაში.
ამასთან აღნიშნავენ, რომ ისინი გაარკვევენ, პირადი და საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მიზნით რა კრიმინალური ჯაჭვია შექმნილი და არის თუ არა ამის ორგანიზატორი საქართველოს ხელისუფლება.
„ამ მიზნით გამოძიება დაწყებულია. უკვე ვფლობთ გარკვეულ ინფორმაციას და შესაძლოა, სულ მალე როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, ნამდვილად სკანდალური ინფორმაცია ვამცნოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე“ - ნათქვამია განცხადებაში.

















