პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ კონტროლის პალატაში თავისი წევრების გამოძახებას, 12 მაისს დაგეგმილი აქციისთვის ხელისუფლების მხრიდან ხელის შეშლის მცდელობას უწოდებს.
პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი ოძელის განცხადებით, დევნილთა „შერიგების აქციასთან“ დაკავშირებით, პარტიის მიერ მერიაში განაცხადის შეტანიდან ერთი საათის შემდეგ, კონტროლის პალატადან დარეკეს.
მისი თქმით, კონტროლის პალატაში მოწმის სტატუსით დაკითხვა სამი საათი გაგრძელდა. პარტიის წევრებზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
„მივმართავთ ხელისუფლებას განმარტოს, აპირებს თუ არა მხარი დაუჭიროს „შერიგების აქციას“ და გააკეთოს განცხადება რეალურად რა პოლიტიკურ ფორმაციაში ვცხოვრობთ“-განაცხადა ოძელმა.
პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლაშა გვასალიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ კონტროლის პალატასთან მიმართებაში კანონი არ შეიცვალა, პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან.
„წინააღმდეგ შემთხვევაში ორი ძალა, რომელიც დღეს წინა პლანზეა, ხმებს გაიყოფს, ჩვენ, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები კი, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“- განაცხადა გვასალიამ და აღნიშნა, რომ პარტიაში შემოწირულობის სახით 8 000 ლარი შეიტანა, ხოლო 10 000 ლარის შეტანას გეგმავს.

















