მწერალი დავით (დეფი) გოგიბედაშვილი, მომღერლები ბესიკ კალანდაძე და სალომე ბაკურაძე, მსახიობი გოგა ბარბაქაძე და ისტორიკოსი გიორგი კალანდია საარჩევნო სიების გადამოწმების, კერძოდ, ,,კარდაკარის“ კამპანიაში ჩაერთვებიან. ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე გაკეთდა განცხადება.
როგორც დავით დეფიმ განმარტა, ამ პროცესში ჩართვის იდეა მას გუშინ გაუჩნდა, როდესაც ტელევიზიის საშუალებით ,,კარდაკარის’’ შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
,,ყველაფერი სპონტანურად მოხდა, სწრაფად დავურეკე მეგობრებს. ინიციატივა მათაც მოეწონათ და სიების გადამოწმების პროცესში ჩართვაზე შევთანხმდით. გვაინტერესებს რომელ სიაში ვწერივართ - ცოცხლების თუ მკვდრების, რათა ერთხელ და სამუდამოდ ამაზე ლაპარაკი შეწყდეს“ - განაცხადა მან.
ჯგუფი ლოზუნგით - ,,მინდა ვეწერო ცოცხლებში“ გაერთიანდა.
ჯგუფის წევრების განმარტებით, ისინი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში შეეცდებიან სიების გადამოწმებას, რადგან ამას თავის მოქალაქეობრივ ვალად მიიჩნევენ.
მათი განცხადებით, ისინი ამ პროცესში მოხალისეებად ჩაერთვებიან და გასამრჯელოს არ მოითხოვენ.
გიორგი კალანდიას განცხადებით, მათი აქცია აპოლიტიკურია და მხოლოდ ქვეყნის დახმარების მიზანს ემსახურება.
მოძრაობის წევრებმა საზოგადოებას და ცნობილ პიროვნებებს მათ ინიციატივასთან შეერთებისკენ მოუწოდეს.
ჯგუფი დღეს, 17:00 საათზე სიების გადამოწმების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეს მამუკა კაციტაძეს შეხვდება და ,,კარდაკარის“ პროცესში ჩართვის ფორმას და პროცედურებს დააზუსტებს.

















