„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შედეგად, ქვეყანა კრიზისის ბოლო, ყველაზე საშიშ – სისტემური კრიზისის ფაზაში შევიდა. ამის შესახებ მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი აცხადებს.
შაშიაშვილის განმარტებით, არსებული ხელისუფლება თანდათან ტირანული ხდება.
„მისი წარმომადგენლები არა ხალხსა და ქვეყანაზე, არამედ ერთ პიროვნებაზე ფიქრობენ. ამის გამო ყიდიან ყველაფერს - მიწასაც, მიწაში და მიწის ზემოთ არსებულსაც. ყიდიან სინდისსაც“ - აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ არჩევნების გაყალბებით შეუძლია. დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო კომისიები კი, გაყალბების წინაპირობაა.
„ეს გზა ისევ რევოლუციისაკენ მიმავალი გზაა“ - აცხადებს შაშიაშვილი.
მისივე თქმით, კორუფცია, მიუხედავად მისი შენიღბულობისა ტოტალურ ხასიათს იღებს და ის პროფესიული, ელიტარული და ცენტრალიზებული ხდება.
ამასთან, „თეთრების“ ლიდერი პრეზიდენტის აქტიურობას და საჯარო გამოსვლებს წინასაარჩევნო დემაგოგიად აფასებს.

















