პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ დევნილთა დასახმარებლად ფონდს ქმნის.
ამის შესახებ პარტიის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუამ დღეს ინტერნეტ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გულუას თქმით, ფონდის დაფუძნების შესახებ ოფიციალური განცხადება 12 მაისს დევნილთა საყოველთაო შეკრებაზე გაკეთდება. მრავალათასიანი შეკრება საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართება.
გულუას თქმით, თანხა დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება. ფონდის ანგარიში, უსაფრთხოების მიზნით, შვეიცარიის ბანკში გაიხსნება. გულუა, ფონდში შემოწირულობის სახით, 25 მლნ აშშ დოლარის შეტანას გეგმავს.
„მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ ხელისუფლებამ დაგვივიწყა, მაგრამ ჩვენ - დევნილები მაინც ვარსებობთ“- განაცხადა გულუამ და აღნიშნა, რომ არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ, პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანობის შესახებ მასალას გამოაქვეყნებს.
,,საზოგადოებას მივაწვდით მასალას, იმის შესახებ თუ რას აკეთებენ და როგორ ერთობიან ხელისუფლების წარმომადგენლდები სტრიპტიზ კლუბებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში. ქართულმა საზოგადოებამ ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეს’’ - განაცხადა მან.
გულუამ პოლიტიკური პროგნოზიც გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არჩევნებში აუცილებლად დამარცხდება, რადგან ,,განახლებული საქართველოსთვის’’ არჩევნებზე სერიოზული პროგრამით წარსდგება.
,,სამეგრელოში 342 000 ამომრჩეველია, რომლებიც ახალაიების კლანს დატერორებული და შეშინებული ჰყავს, თუმცა, ეს მალე დასრულდება“ - განაცხადა გულუამ და დასძინა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მისი პარტია განათლების, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში რეფორმებს განახორციელებს.

















