უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ ჯონდი ბაღათურიას კლასიკური პროვოკატორი უწოდა.
პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს სთხოვა, რომ, როდესაც კლასიკურ პროვოკაციულ გამოსვლას ექნება ადგილი, მიკროფონები გამორთოს.
“ჯონდი არის კლასიკური პროვოკატორი, რომელიც ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმითვის, რომ დღეს საქართველოს მეგობრებთან პრობლემა შექმნას. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ პრობლემას რამენაირად თავიდან ავიცილებთ” – განაცხადა ბობოხიძემ და დასძინა, რომ ჯონდი ბაღათურიას ამ გამოსვლისთვის სავარაუდოდ, ტელეკამერებიც მზად ჰყავდა.
პარლამენტში დღეს დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა გენოციდის აღიარების წინადადებით პარლამენტს მიმართეს.
ამ დროს დარბაზში მყოფი უმრავლესობის წევრი დეპუტატი აზერ სულეიმანოვი წამოიჭრა და ჯონდი ბაღათურიას ტრიბუნასთან მივიდა. მან ტრიბუნაზე დადებული ჭიქა აიღო და ბაღათურიას მიმართულებით დააპირა სროლა, მაგრამ ვერ მოახერხა. ბაღათურიამ კი, აზერ სულეიმანოვს კალამი ესროლა. ამის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ტრიბუნასთან მიცვივდნენ და აზერ სულეიმანოვი ტრიბუნას მოაშორეს.
აღნიშნული ინციდენტის გამო პარლამენტის სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა.

















