პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის კობა დავითაშვილის თხოვნით, დღეს 14.00 საათისთვის პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ წევრები კონტროლის პალატაში დაიბარეს.
ამის შესახებ დღეს პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუამ განაცხადა, რომელიც პრესკონფერენციაზე ინტერნეტის საშუალებით ჩაერთო.
როგორც გულუამ აღნიშნა, კონტროლის პალატამ ის წევრები დაიბარა, რომლებმაც თებერვალში პარტიაში შემოწირულობა შეიტანეს.
პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხათუნა ჩარკვიანის განმარტებით, კონტროლის პალატას შეკითხვები რომ ჰქონოდა, აღნიშნული საკითხი შემოწირულობის შეტანიდან სამ დღეში უნდა გადაემოწმებინა.
მისი თქმით, პარტიის საფინანსო სამსახურს კონტროლის პალატასთან მუდმივი ურთიერთობა აქვს. ჩარკვიანმა არ გამორიცხა, რომ პარტიის წევრები კონტროლის პალატაში სხვა საკითხებთან დაკავშირებით დაიბარეს.

















