საკანონმდებლო ორგანომ „2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება ცნობად მიიღო.
აღნიშნული დადგენილების კენჭისყრა პარლამენტში დღეს შედგა. დადგენილების მომხრე 78 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი – 13.
დადგენილების მიხედვით, პარლამენტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ავალებს მონიტორინგი განახორციელოს 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მოხსენებაში მითითებული ფაქტების პრევენციისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაზე.
სახალხო დამცველის ანგარიში 650 გვერდს მოიცავს.
ანგარიშში ძირითადი ყურადღება პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის მხრივ არსებულ პრობლემებზე, ბავშვთა და ქალთა უფლებებზე, ეთნიკური უმცირესობების საკითხზე, ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზე, საკუთრების უფლებების დარღვევებზე და აქციების დაშლის დროს არაპროპორციული ძალის გამოყენებაზეა გამახვილებული.

















