ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ სადამკვირვებლო მისიის ანგარიში განიხილეს. "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის
ინფორმაციით, ანგარიშში ხაზგასმით არის დაფიქსირებული, რომ რუსეთმა საარჩევნო უბნები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საერთაშორისო ნორმების დარღვევით გახსნა.
ანგარიშში ჩაიწერა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე ამ გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო თანამშრომლობის და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ამ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას რუსული პასპორტები აქვს, რაც რუსეთის ხელისუფლების მიერ ე.წ. პასპორტიზაციის პოლიტიკური შედეგია.
ევროპის საბჭოს ასამბლეამ რუსეთის ხელისუფლების ე.წ. პასპორტიზაციის პოლიტიკა არაერთ რეზოლუციაში შეაფასა როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ სადამკვირვებლო მისიის ანგარიში სესიაზე განხილვამდე ბიურომ დაამტკიცა. საკითხის გარშემო დებატებიც გაიმართა, სადაც სიტყვით ქართული დელეგაციის წევრი გიორგი კანდელაკი გამოვიდა.

















