საპარლამენტო უმრავლესობამ ჯონდი ბაღათურიას კანონპროექტის ანალოგიური ინიციატივა მოამზადა.
ჯონდი ბაღათურიამ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ” კანონპროექტი ჯერ კიდევ გასულ წელს მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა. კანონპროექტი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უბილეთოდ მგზავრობისთვის დაკისრებული ჯარიმებისგან და საურავებისგან გათავისუფლებას ეხება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამ საკითხში ბაღათურიას დაეთანხმნენ, თუმცა, აღნიშნეს, რომ პროექტში სხვა მიუღებელი საკითხებიც არის და მის მეორე მოსმენით განხილვას ინიციატორთან შეთანხმების შემდეგ გააგრძელებდნენ.
როგორც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მთავრობის საპარლამნეტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა, ინიციატორთან შეთანხმება ვერ შედგა. მისივე თქმით, პროექტის მიხედვით შეღავათი კონტრაბანდისტებსაც უნდა შეეხოს, რაც მიუღებელია.
„სუბიექტთა წრე დასახვეწია, ინიციატორისგან კი დახვეწილი პროექტი ვერ მივიღეთ” – განაცხადა ხუროშვილმა.
ბიუროზე გაირკვა, რომ სოციალურად დაუცველ პირებთან მიმართებაში მსგავსი პროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსაც აქვს მომზადებული. ამდენად, უახლოეს პლენარულ სხდომაზე, მთავარ ინიციატივად ჯონდი ბაღათურიას კანონპროექტი გავა, უმრავლესობის პროექტი კი, მისი ალტერნატიული წინადადება იქნება.

















