პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს, ზესტაფონის მოსახლეობას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაქრაძესთან შეხვედრისას მოსახლეობამ ბოლო დროს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა. მათი განცხადებით, ქალაქში გაზიფიცირების პროექტი მთლიანად დასრულებულია. სასმელი წყალი, რომელიც ქალაქ ზესტაფონის მოსახლეობას არ მიეწოდებოდა, ჩატარებული სამუშაოების შედეგად დღეს გრაფიკით მიეწოდებათ, ხოლო 2013 წლისთვის რაიონის მასშტაბით პრობლემა სრულად აღმოიფხვრება. ასევე, 2013 წლისთვის იგეგმება რაიონის სრული გაზიფიცირებაც.
პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას ადგილობრივმა მოსახლეობამ უმთავრეს პრობლემად უმუშევრობა დაასახელა. დავით ბაქრაძის განცხადებით, მალე ქუთაისი-ზესტაფონის საგზაო მაგისტრალის მშენებლობა, ხოლო სოფელ საზანოსთან 14– კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და ამ პროექტების განხორციელებისას 300-400 ადგილობრივი კადრი დასაქმდება.
"წელს იმერეთში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება. ძალიან ბევრი რამ კეთდება, მაგრამ, ბუნებრივია, პრობლემებიც ბევრია. ჩვენი, როგორც ხელისუფლების ვალდებულებაა მოვიდეთ ხალხთან, მოვუსმინოთ რა აწუხებთ, რისი გაკეთება და რისი გამოსწორებაა საჭირო მომავალში."- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მანვე, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, ზესტაფონში ახალი საციგურაო მოედნის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

















