პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამაბა. ამის შესახებ
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ელისო ჩაფიძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც პარტიის ყრილობას კოალიციის წევრი "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი კახა შარტავა არ დაესწრო.
ჩაფიძის თქმით, ეს ფაქტი დაპირისპირებაზე ან რაიმე სახის წყენაზე არ მეტყველებს.
"ერთი კვირის წინ მე და კახა შარტავა ერთად ვიყავით ოფისის გახსნაზე, მეგობრული დამოკიდებულება მაქვს სხვა ფორუმელებთან. სახელისუფლებო არხების მიერ გავრცელებლი ინფორმაცია დაპირისპირების თუ წყენის შესახებ აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას"- განაცხადა ჩაფიძემ.
მისი თქმით, პარტიის ყრილობას სამუშაო ხასიათი ჰქონდა და მასზე კოალიციაში შემავალი პარტიების ყველა ლიდერის დასწრება დაგეგმილი არ იყო.
ჩაფიძის განცხადებით, დიპკორპუსის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს ყრილობაზე დასწრების სურვილი, მაგრამ, რადგან კენჭისყრის პროცედურა ხანგრძლივი პროცესია, გადაწყდა, რომ არც ისინი და არც ბევრი ლიდერი ამ ღონისძიებაზე დასწრებით არ შეეწუხებინათ.

















