საერთაშორისო ტელერადიოკომპანია "მირთან" დაკავშირებით შეთანხმებიდან გამოსვლა, დსთ-დან დადებული ხელშეკრულებების გაუქმების პროცედურის ნაწილია. ამის შესახებ
განცხადება საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც კალანდაძემ აღნიშნა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დსთ-ს ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების გადახედვისა და მათი გაუქმების პროცესი მიმდინარეობს.
მისი განმარტებით, დსთ-სთან საქართველოს 75-მდე ხელშეკრულება ჰქონდა დადებული, 30 მათგანი ჯერ კიდევ გასაუქმებელია.
"მირის" თაობაზე დადებული შეთანხმებაც ამ ფორმატში გაუქმდა. მან ამ ეტაპზე ინტერესი დაკარგა და საქართველოსთვის მხოლოდ დამატებითი ვალდებულება იყო" - აღნიშნა კალანდაძემ.
ტელერადიოკომპანია "მირი" დსთ-ს ქვეყნების ხელმძღვანელთა შეთანხმებით, 1992 წელს შეიქმნა. მისი ბიუროები – საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, მოლდოვასა და რუსეთშია განთავსებული.
საქართველოს პრეზიდენტის 18 აპრილის ბრძანებულების თანახმად, უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ 1993 წლის 24 დეკემბერს აშხაბადში ხელმოწერილი "სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია "მირის" საქმიანობის შეუფერხებელი და დამოუკიდებელი განხორციელების საერთაშორისო-სამართლებრივი გარანტიების შესახებ" შეთანხმების მოქმედება.

















