პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარემ კახა კუკავამ დღეს საზოგადოებას წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი პრინციპები წარუდგინა.
როგორც კუკავამ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროგრამა საბოლოო სახეს აქტიური განხილვის შემდეგ მიიღებს.
2012 წელი საქართველოში საარჩევნო წელია, მაგრამ მისი თქმით, პოლიტიკური ძალები ამჯერადაც საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამის გარდა ყველაფერზე საუბრობენ.
"დღეს ყველა პარტია ერიდება სიმართლის თქმას, იმის შესახებ თუ რა არის ქვეყნის მთავარი გამოწვევა. საქართველო რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის და ის ვაშინგტონიდან იმართება. ვიდრე ქვეყანა ამერიკული დიქტატისგან არ გათავისუფლდება ვერც თავისუფალი არჩევნები ჩატარდება და ვერც რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან გავმართავთ მშვიდობიან მოლაპარაკებებს. ასევე, ვერ აღორძინდება ეროვნული წარმოება და ვერც თვითმყოფადობას შევინარჩუნებთ"- განაცხადა კუკავამ.
"თავისუფალი საქართველოს" წინასაარჩევნო პროგრამის პრინციპებია - არა ნატო-ს, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა, სააკაშვილის რეჟიმის გასამართლება, დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა, შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა რეაბილიტაცია, საყოველთაო ამნისტია, ჯანმრთელობის 100%-იანი დაზღვევა, საბანკო ვალების გადავადება, მიწა, საძოვარი და ტყე - გლეხებს, ეროვნული წარმოების მხარდაჭერა, რუსეთის ბაზარზე დაბრუნება და ეროვნული და მართლმადიდებლური სახელმწიფოს მშენებლობა.

















