საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი თედო ჯაფარიძე "ქართულ ოცნებაში" საგარეო პოლიტიკისა და
უსაფრთხოების საკითხებს უხელმძღვანელებს. ეს ინფორმაცია თედო ჯაფარიძემ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა.
ის მომავალი პოლიტიკური პროცესებისადმი ოპტიმისტურად არის განწყობილი და თვლის, რომ "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
"როგორც საგარეო საკითხების ექსპერტმა მინდა გითხრათ, რომ მონიტორინგი დასავლეთის მხრიდან განსაკუთრებით მძაფრი იქნება" - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.
მომავალი პარტიის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ჯგუფის წევრები საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა. მათ შორის თედო ჯაფარიძეც დასახელდა.

















