პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, ჩეხეთ–საქართველოს ურთიერთობები პოლიტიკურ ჩარჩოებს
გასცდა და ბიზნეს და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გადავიდა. ეს განცხადება დავით ბარქაძემ საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმის გახსნის შემდეგ გააკეთა.
ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი ბიზნეს ფორუმები დამატებითი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ უცხოელი ინვესტორები საქართველოთი დაინტერესდნენ.
"ეს ქმნის იმის პერსპექტივას, რომ საქართველოში ჩაიდოს მეტი ინვესტიცია, გაიხსნას ახალი საწარმოები, დასაქმდეს მეტი ადამიანი და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველა ასეთ ღონისძიებას პრიორიტეტულობით ვეკიდებით. ჩეხეთის და საქართველოს ურთიერთობები პოზიტიურად ვითარდება",– განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარემ მილან შტეხმა "ქორთიარდ მარიოტში" საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი გახსნეს.
ფორუმი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით იმართება.
ასევე დაგეგმილია მილან შტეხის შეხვედრა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურთან და თბილისის მერთან გიგი უგულავასთან.
ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოს 24 აპრილს დატოვებს

















