ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი ქონება, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამ დღეებში წაიღო,
არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ რას ნიშნავს არაკორუმპირებული პრეზიდენტი და რას ნიშნავს სახელმწიფო მოხელე, რომელიც არ იპარავს.
ამის შესახებ სააკაშვილმა ვაშინგტონიდან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ეს ნიმუშია იმისა, თუ რას ნიშნავს პოლიტიკოსი, რომელიც ახმარს ფულს ხალხს და არც ერთ თეთრს საკუთარ თავსა და ოჯახს. მაჩვენეთ ერთი პრეზიდენტი მთელს მსოფლიოში, რომელიც 9 წელი იყო პრეზიდენტი და უფრო პატარა სახლი აქვს, ვიდრე ჩემი სახლია, ერთადერთი ქონება, რაც მე შევქმენი 9 წლის განმავლობაში“,-განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, პრობლემა მისი ქონების დაყადაღებაში არ არის, არამედ პრობლემა არის ის, რომ ქვეყანას ერთი კაცი მართავს.
„პრობლემა იმაში კი არ არის, რომ მე ქონება დამიყადაღეს, საქართველოში ისედაც ვერ ჩამოვდივარ ჯერჯერობით, ორ ქვეყანაში ვერ ჩავდივარ მსოფლიოში: საქართველოში და რუსეთში. სხვა რამე ხდება, დღეს საქართველოში მთავარი რამე მოიშალა, საქართველოს მართავს ერთი უწიგნური, მობანდიტო, დაულაგებელი, დაბოღმილი, ბუნებით დაჩაგრული, მახინჯი სულის პატრონი ოლიგარქი, რომელიც შემომჯდარა ამ მთაზე თავის უზარმაზარ სასახლეში და თვითონ იღებს ყველა გადაწყვეტილებას, ვის რა ქონება წაართვას და ვის რა დაუბრუნოს, ვინ ჩასვას და ვინ გამოუშვას, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ვინ გარიცხოს და ვინ მიიღოს, „პოლის ჯოხიც“ რომ იყოს, ვინ დანიშნოს ამა თუ იმ თანამდებობაზე დაწყებული პრეზიდენტობიდან დამთავრებული პრემიერ-მინისტრით“,-განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმითვე, მისი ქონება კი არ დააყადაღეს, არამედ საქართველო დააყადაღეს.
„წყალსაც წაუღია ეს ქონება... რაზეც ყველაზე მეტად მტკივა გული ისაა, რომ ჩემი ქონება კი არ დააყადაღეს, საქართველო დააყადაღეს, საქართველოში გააჩერეს ყველა პროცესი, საქართველოში ხდება ის უკანონობა, რაც დღეს ხდება, საქართველოში ხდება ის დეგენერატიზმი და მარაზმი, რაც დღეს ხდება“,-განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის კუთვნილი ქონება დაყადაღებულია. როგორც სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის, მისი მეუღლის, შვილების, დედის, მამის და ბებიის ქონება.
მთავარმა პროკურატურამ გუშინვე სააკაშვილის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461.34 ლარის გაფლანგვა, რითაც მან სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ვინაიდან, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს გამოძიებას, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, იგი გაასხვისებდა ან სხვაგვარად გადამალავდა მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას, რაც სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ხელს შეუშლიდა.
ექსპრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების საქმეზე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. სააკაშვილს კიდევ ორი ბრალი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე და ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად ხარჯვისთვის წარედგინა.

















