"პარტია "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" ეკატერინე ხვედელიძე სათავეში იმ შემთხვევაში ჩაუდგება, თუ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა არ აღუდგება"
- ამის შესახებ განცხადება თავად ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციაზე გააკეთა.
"თუ მომავალში ჩვენმა პრეზიდენტმა მაინც მოახერხა და კანონის ფარგლებს გარეთ დარჩა, ეკა ხვედელიძე იქება ის პიროვნება, რომელიც გუნდს წარმოადგენს"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ამის საჭიროება არ იქნება და მისთვის მოქალაქეობის აღდეგნა გარდაუვალია.
"გუშინ კიდევ ერთხელ დაარღვიეს კანონი. ეს არის სააკაშვილის დემოკრატია. თუმცა არსებობს რაღაც ზღვრები. მიუხედავად სააკაშვილის ხასიათისა და ფანტაზიისა, ვფიქრობ ვერ შეძლებს არ დამიბრუნოს უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევაში პარტიას სათავეში თავად ჩაუდგება და სიის პირველი ნომერიც თავად იქნება.
"ჩვენ ჯერ მოვლენების განვითარებას დაველოდებით, სამომავლოდ კი ჯგუფს აქვს ისეთი გეგმა, რომელიც ყველა შემთხვევაში საბოლოო შედეგამდე მიგვიყვანს" - განაცხადა ივანიშვილმა.
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრეზენტაცია მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება.

















